ENG

Introduction

შესავალი

© Prof. Dr. Anna Meskhi October 23, 2011

ანა მესხი, პროფესორი
გორის უნივერსიტეტი

ტუტანხამონის კავკასიური წარმოშობის შესახებ

უკანასკნელ ხანებში დასავლეთის პრესასა თუ ინტერნეტ სივრცეში ფართოდ მიმოიხილება ტუტანხამონის წარმომავლობასთან დაკავშირებული, აქამდე სრულიად უცნობი ასპექტები. საქართველოს ტელევიზიამაც მიუძღვნა მოკლე გადაცემა 23 ოქტომბრის პოსტ-სკრიპტუმში. შვეიცარიის სპეციალისტების მიერ ჩატარებული გენეტიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ევროპის ტერიტორიაზე ტუტანხამონის გენეტიკური კოდის (R1b1) გავრცელების განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი. ირლანდიაში აღნიშნული გენოფორმულა 80%, ბრიტანეთში 70%, საფრანგეთში 50%, ესპანეთში 60%, საფრანგეთის ჩრდილოეთში ინგლისის სრუტის გასწვრივ კი 80%-ს აღწევს (wikipedia). აღმოსავლეთისკენ ჰაპლოჯგუფის ინტენსივობა კლებულობს 25%-დან 15%-მდე საბერძნეთის ტერიტორიაზე. საინტერესოა, რომ იგივე R1b1 ჰაპლოჯგუფი აფრიკისა (კამერუნში 95%) და აზიის კონტინენტებზეც არის აღმოჩენილი, თუმცა თვით შვეიცარელი გენეტისტების მიხედვით, ტუტანხამონის გენეტიკური ფორმულა კავკასიური წარმომავლობისაა.

აღნიშნულ დებულებას ადასტურებს და აზუსტებს კიდეც ჩვენს მიერ ჩატარებული ლინგვისტური და კულტუროლოგიური კვლევა, რომლის გარკვეული შედეგები უკვე მონოგრაფიის სახით არის გამოქვეყნებული სათაურით “ქართველურ-შუმერულ-ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია” (თბილისი, 2011). ნაშრომში წამოწეული და განხილულია ეგვიპტოლოგიის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პლასტი: ენა, რელიგია, დამწერლობა, სიმბოლიკა.

წინამდებარე სტატიისთვის, ყველაზე საინტერესო ტუტანხამონის სახელის ქართველური წარმომავლობაა. ეგვიპტურში მის მნიშვნელობას “ამუნის ცოცხალ სახეს” უტოლებენ, რაც ფარაონთა მზიური წარმომავლობის რწმენას სავსებით ესადაგება. ქართველური ენების პრიზმიდან, სახელი “ტუტანხამონი” რამდენიმე სიტყვისგან შედგება; ესენია თუთ + ან + ხატ + ონ. აღნიშნული სიტყვები ქართველური ენების ზოგადლექსიკურ ფონდს ეკუთვნიან: თვე (თთუე, თუთა) + ან + ხატი + ონი. მოცემული ლექსემების კრებული, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს სახელს ჩვეული გაგებით. თუთ-ან-ხატ-ონ-ის, ისევე როგორც სხვა ფარაონების სახელები, ინფორმაციის გადმოცემაზეა გათვლილი და არა პიროვნების იდენტიფიკაციაზე, რაც საკუთარი სახელების ძირითადი ფუნქციაა. ამიტომ, ტუტანხამონის (თუთ-ან-ხატ-ონ-ის) სახელის ინფორმაციული პლანის ამოსაღებად სახელის თითოეული კომპონენტის დეშიფრირებაა საჭირო. მათი დეკოდირება, რომელიც მონოგრაფიის სხვადასხვა ნაწილშია მოცემული, ეგვიპტური და ქართველური მნიშვნელობების ჯამია და ეგვიპტის ჭაბუკ ფარაონს ახასიათებს, როგორც დამწერლობისა და დამწერლობის ღმერთის (თუთ = Thoth, ან = ასომთავრული ანი, მთვარე), მთვარის ასტრონომიის (თვე) და მზის ქალაქის (ონ = ჰელიოპოლისი; შდრ. ქ. ონი) ხატს. აშკარაა, რომ ტუტანხამონის სახელის ქართველურით დეშიფრირება გაცილებით უფრო სრულყოფილი და ამომწურავია, ვიდრე მისი ეგვიპტური ინტერპრეტაცია.

ტუტანხამონის ქართველურ წარმომავლობას ადასტურებას მისი მამის ამენხეტეფ IV-ისა და ბაბუის, ამენ ხეტეფ III-ის სახელების ქართველური ეტიმოლოგიაც. სახელი წარმოადგენს ორი ქართველური სიტყვის შეერთებას. პირველი მათგანი ეგვიპტურად უდიდესი ღვთაება ამონი, ხოლო ქართულად ჩვენებითი ნაცვალსახელია ამან; მეორე კომპონენტი წარმოადგენს ნაწარმოებ სიტყვას ხატ-ებ-ა, რომლის მნიშვნელობაც ყველა ქართველს კარგად მოეხსენება. სხვაგვარად, ამენხოტეფ = ამან + ხატება, ანუ ამ მზე ამონის ხატება. შესაბამისად, გენეტიკური მონაცემები ტუტანხამონის, მისი მამისა და ბაბუის ერთნაირი გენეტიკური კოდის შესახებ მათი სახელების ქართველური წარმომავლობითაც დასტურდება.

გარდა აღნიშნულისა, ნაშრომში კიდევ მრავლად არის განხილული ეგვიპტური ისტორიული პირებისა თუ ღვთაებრივი პერსონაჟების ქართველური წარმომავლობა, რის კვლევასაც აქ, საქართველოშიც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. საკუთარ წვლილს ცივილიზაციის განვითარებაში გარედან არ უნდა გვკარნახობდნენ. ჩვენ თვითონ უნდა ვცდილობდეთ დაკარგული ძირების ზეწამოწევას.

სტატიის ბოლოს გთავაზობთ ნაწყვეტს ტუტანხამონის სახელის ქართველურ წარმომავლობაზე წიგნიდან “ქართველურ-შუმერულ-ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია” (გვ. 392-93), რომელიც ეფუძნება სახელის ინდივიდუალური კომპონენტების კვლევასა და ეგვიპტური ღვთაებრივი და სამეფო ონომასტიკის კვლევას, რომელსაც 580 გვერდიანი ნაშრომის 2/3 უჭირავს.
იმედს ვიტოვებ, რომ წიგნი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტუტანხამონის წარმომავლობის შესახებ არსებულ დისკუსიასა, არამედ ქართველური ენებისა და კულტურის როლის მეცნიერულ კვლევას მსოფლიო ცივილიზაციაში.
17. ტუტანხამონის ლინგვისტური და კულტუროლოგიური ანალიზი
იგივე სახელი “ხატი” ფიგურირებს ფარაონ ტუტანხამონის სახელშიც. ეს ფარაონი ცნობილია არა თავისი ღვაწლის, არამედ იმ განძის გამო, რომელიც მძარცველებს გადაურჩა და მის აკლდამაში ხელშეუხებლად აღმოაჩინეს. რეფორმატორი ფარაონის ახენატონის (ამენჰეტეპ IV = „ატონი კმაყოფილია“) სიძე (ან ვაჟი)1 ტახტზე ავიდა როგორც Tutan-khat-on, ტუტან-ხატ-ონ; მაკენზი 1913: xvi). ფარაონის ეს სახელი ზღვა ინფორმაციას 1 ამჟამად, გენეტიკური ტესტების საფუძველზე დადგინდა, რომ ტუტანხამონი ეხნატონის ვაჟია. გვაწვდის, თუკი მას ქართველური ენებისა და კულტურის კუთხით შევისწავლით. გავიხსენოთ, რომ ეგვიპტელთა დამწერლობის ღმერთი სათავეს იღებს ქართველური სიტყვიდან „თუთა, თუთუე, თუთე“, რომელიც „მთვარეს, თვეს“ ნიშნავს (გვ. 78-86). ქართულ ასომთავრულ ანბანში მთვარის ღმერთი არის ანი. ჩვენებური სიტყვების „თუთ“-ისა და „ან“-ის გაერთიანება თუთ+ან წარმოქმნის შედგენილი სახელის (Tutan-khat-on) პირველ კომპონენტს Tutan. აღნიშნული სახელები – თუთ+ან და Tutan – მხოლოდ ერთი ბგერით განსხვავდებიან; ქართველური ყრუ, დენტალური ხშული თ შეცვლილია გლოტალიზებული კბილისმიერი თანხმოვნით ტ; ეს არის ბგერათმიმართება, რომელიც უფრო ადასტურებს, ვიდრე უარყოფს მათ იგივეობას. უფრო მეტიც, სავსებით შესაძლებელია, რომ ეგვიპტური ტ ქართული თ-ს ბგერწერაა, მოვლენა, რომელიც ხშირად გვხვდება თანამედროვე ინდოევროპულ ენებში იბერიულ-კავკასიური Fშვინვიერი ბგერების მკვეთრებით გადმოცემისას (შდრ.: პ–ფ, კ–ქ, წ–ც, ჭ–ჩ), რაც ზევით უკვე იყო გაანალიზებული “ამითთან” დაკავშირებით. სტრუქტურული კუთხითაც, ორივე სახელი ერთსა და იმავე ფორმულაზეა აგებული: ქართველური: თუთ+ან და ეგვიპტური Tut + an.

სემანტიკურად, ქართველური “თუთან” და ეგვიპტური “ტუტან” იდენტურია. “თუთ+ანის” პირველი შემადგენელი კომპონენტი, როგორც ეს არაერთხელ იყო უკვე მითითებული, აღნიშნავს „მთვარეს“ და „თვეს“, მაშინ, როდესაც მეორე კომპონენტი „ანი“ ქართული ასომთავრული ანბანის პირველი ასო, მთვარის კალენდრის პირველი დღე და თვით მთვარის ღმერთია (წინარე „ცის ღმერთი“).
ეგვიპტურ სახელში Tutan პირველი ელემენტი Tut ფონეტიკურად ოდნავ სახეშეცვლილი „თოთია“ (Thoth), დამწერლობის ღმერთის სახელი; Tutan-ის მეორე კომპონენტი კი სრულიად მსგავსია შესაბამისი ქართველური წევრისა „ან“. მიუხედავად ამისა, ეგვიპტური „ანის“ ეზოთერულ მნიშვნელობაში ჩასაწვდომად და აგრეთვე იმისათვის, რომ მის წარმომავლობაში დავრწმუნდეთ ქართული ასომთავრული „ანიდან“, საჭიროა სახელის სიღრმისეული ანალიზის მისივე საკუთარ, ანუ ეგვიპტურ გარემოცვაში. ამაში დიდად დაგვეხმარება ცნობილი ეგვიპტური ანის პაპირუსის დასახელება.

18. ანის ლინგვისტური და კულტუროლოგიური ანალიზი მეცნიერთა თანხმობის საფუძველზე, ანის პაპირუსი დაწერილი იყო ვინმე ანისთვის, რომელსაც სასახლის მწერლისა და ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობა ეკავა. პაპირუსის დაწერის დროდ მე-17 დინასტიის მეფობა ითვლება (ძვ.წ. 1500-1400 წწ.). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასკვნები პაპირუსის ყოველმხრივი ანალიზის შედეგად არის გამოტანილი, არსებობს ფაქტები, რომლებიც განსხვავებულ აზრს გვთავაზობენ. უპირველეს ყოვლისა, ანის პაპირუსი დაუთარიღებელია, რისი მიზეზებიც შეიძლება სამუდამოდ შეუცნობელი დარჩეს, თუმცა პაპირუსის გარკვეული თვისებები, ანუ, უფრო ზუსტად, მასში განხილული ფილოსოფიური სისტემა, მისი ზუსტი თარიღის მნიშვნელობას აქარწყლებს. გავიხსენოთ, რომ მიუხედავად მკვდართა წიგნის ოთხი გამოცემისა,1 დაწყებული V დინასტიით და დამთავრებული პტოლომეუსის ხანით (ძვ. წ. 30 წ.), ტექსტი პრაქტიკულად უცვლელია და მოიცავს ეგვიპტელთა შეხედულებებს სიკვდილის შემდგომ არსებულ სიცოცხლეზე. სხვაგვარად, მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მიღების ჩვენი სურვილი რომ არა, შინაარსობრივად, ანის პაპირუსი ეგვიპტის ძველი სამეფოდან ქრისტეს შობამდე განვლილი პერიოდის ნებისმიერი დროითი მონაკვეთის კუთვნილებაა. შესაბამისად, ფილოსოფიურ-რელიგიური თვალსაზრისით, მკვდართა წიგნი რამდენიმე ათასწლოვან პერიოდში ნებისმიერი თარიღით შეიძლება დათარიღდეს, რის გამოც ანის პაპირუსი, ისევე, როგორც მკვდართა წიგნი ზოგადად, მეტადროული (ზედროული) ნაშრომია.

1 მკვდართა წიგნის ოთხი გამოცემაა: ჰელიოპოლური (ანუ), თებეს, XX დინასტიისა და საიტის ვარიანტები.
2 www.sacred-texts.com/egy/ebod/ebod12.html
მეორე ფაქტი, რომელიც მხარს უჭერს ანის პაპირუსის ჩვენეულ (მეტადროულ) “დათარიღებას”, ანის ბიოგრაფიის არარსებობაა. ერთადერთი ცნობა, რომელიც პაპირუსიდან დასკვნის სახით შეიძლება გაკეთდეს, ანის თანამდებობას შეეხება. ანი ეკლესიის მაღალი რანგის დიდებული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მას მწერლის კარიერაში მას ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ანი „ჩრდილოეთისა და სამხრეთის ღმერთის“ რჩეული, „აბიდოს ღმერთების ბეღლის გამგებელი, თებეს ღვთაებებისადმი საკრალური შეწირულობების აღმწერია“.2 ანის ტიტულატურა იმ მეფის სახელსაც კი არ შეიცავს, რომელსაც იგი ემსახურებოდა. უფრო მეტიც, პაპირუსის მთელი რიგი ნაწყვეტები ანისთვის არ იყო განკუთვნილი და მისი სახელი მოგვიანო ჩანართია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის მწირი ცნობები, რომელსაც პაპირუსი გვაწვდის ანის ისეთივე განზოგადებული სახით წარმოგვიდგენს, როგორი სახითაც პაპირუსის თარიღია წარმოდგენილი.

შემოთავაზებული აზრი შემდგომ მტკიცებულებას ანის მეუღლის სახელში Tutu ნახულობს. Tutu (“თუთუ“), იგივე „თოთი“ და ქართველური „თუთა“, „თუე“, „თუთე“ (“თვე, მთვარე”) დამწერლობის ღმერთის სახელია. ანუსა და თუთუს ცოლქმრულ ურთიერთობას ანალიზის სფეროში ქართული ასომთავრული ანბანი, ასო-ნიშნები და მათი ეზოთერული მნიშვნელობა შემოჰყავს. ქართული ასომთავრული “ანი”, რომელიც წარმოადგენს ანბანის პირველ ასოს, თავის თავში მოიცავს ეგვიპტური „ანისა“ და „თუთუს“ წყვილს. უფრო მეტიც, ასომთავრული „ანის“ ანბანური ბუნება არა მხოლოდ ემთხვევა მწერალი ანის პროფესიას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესანიშნავად ესადაგება ანის უმაღლეს სადამწერლობო ტიტულ-თანაფუნქციას – ემსახუროს ღმერთებს და აღნუსხოს მათდამი სამსახური. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანი და მისი მეუღლე რეალური პიროვნებები იყვნენ, მათი სახელები ააშკარავებს ისეთ
ურთიერთობას, რომელიც ასომთავრული „ანის“ რთულ სიმბოლიზმსა და ქართველურ ენობრივ მონაცემებს ემყარება.

წარმოდგენილი ანალიზისა და მისი დასკვნების ღირებულება სხვა ფაქტებითაც დასტურდება. ჩვენ ვთხოვთ მკითხველს, გაიხსენოს ანალიზი „ნებსენისა“ (ნებსენის პაპირუსი), რომლის ეტიმოლოგია ქართველური ფრაზაა – „(იყოს) ნება შენი!“ და არა სახელი, მისი დღევანდელი გაგებით.

ახლა ერთმანეთს შევადაროთ კომპონენტი „ტუტან“ (“თუთ-ან”)სახელში Tutan-khat-on და ანი–თუთუს წყვილი. ერთადერთი სხვაობა სახელის იდენტური კომპონენტების განსხვავებულ განლაგებაშია (Tut-an=an(i)-Tut(u). ამიტომ, ფარაონ ტუტან-ხატ-ონ-ის სახელი შედგება სამი ქართველური ძირისგან: თუთ+ან+ხატ. პირველი სიტყვა ნიშნავს „თვესა“ და „მთვარეს“, მეორე კომპონენტი სამ ცნებას მოოიცავს: „მთვარის ღმერთს“, „თვესა“ და “საწერ ასო-ნიშანს”, ხოლო მესამე კომპონენტია „ხატი“, ანუ „სახე“. ყველა სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობის გაერთიანებით ფარაონ Tutan-khat-on სახელი იშიფრება, როგორც „მთვარის ღმერთი, დამწერლობის ღმერთი და სამყაროს კოსმიური ცოდნის ხატი“.

მეცნიერთა აზრით, ფარაონთა სახელებში, სიტრყვის – „ხატი“, ფართო გამოყენება მომდინარეობს „ნეოლითის ხანის პრეისტორიული ბელადების რწმენა-ტრადიციებიდან“ (Clark 1991, 30). ფარაონებს სწამდათ, რომ ისინი დედამიწაზე ღმერთების განსხეულებას წარმოადგენდნენ და ღვთაებრივი ჩარევით მოვლენილი ღმერთების შვილები იყვნენ. ამიტომ, მზიურ წარმომავლობაზე დაყრდნობით, ფარაონები თავის თავს მზის ხატად აცხადებდნენ. გამოდის, რომ ქართველური ხატი არის არამარტო ეგვიპტელი ფარაონების სამეფო ტიტული, არამედ მათი სტატუსისა და მდგომარეობის საყრდენიც Tutan-khat-on.